🌟 Legends of 1899

სასამართლო წესები და პროცედურები

მუხლი 1. კოდექსის მიზანი

1.1.

წინამდებარე კოდექსის მიზანია სერვერზე უზრუნველყოს სამართლიანი, მიუკერძოებელი და კანონიერი მართლმსაჯულება.

1.2.

სასამართლო წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს, რომლის მიზანია სამართლებრივი დავების განხილვა, სახელმწიფო სტრუქტურების მოქმედებების კონტროლი და მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.

მუხლი 2. სასამართლო პროცესის ძირითადი პრინციპები

სასამართლო პროცესი ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

2.1. კანონიერება;

2.2. სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა;

2.3. უდანაშაულობის პრეზუმფცია;

2.4. მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა;

2.5. კანონის წინაშე თანასწორობა;

2.6. დაცვის უფლება;

2.7. სასამართლო პროცესის საჯაროობა;

2.8. პროცესის ეფექტურად და გონივრულ ვადაში წარმართვა.

მუხლი 3. კოდექსის ტერიტორიული მოქმედება

3.1.

პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა სერვერის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო ტერიტორიაზე, პასუხისმგებლობას დაექვემდებარება მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე კოდექსის შესაბამისად.

3.2.

დანაშაული ითვლება შესაბამის ტერიტორიაზე ჩადენილად, თუ მისი დაწყება, მიმდინარეობა ან დასრულება აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხდა.

3.3.

კოდექსის მოქმედება ასევე ვრცელდება სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიულ წყლებსა და სხვა შესაბამის ტერიტორიებზე, თუ აღნიშნული ტერიტორიები სერვერის კანონმდებლობით სახელმწიფოს იურისდიქციაში შედის.

მუხლი 4. საქმეთა საგნობრივი განსჯადობა

4.1.

სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს ყველა სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული საქმე, რომლის განხილვაც გათვალისწინებულია სერვერის მოქმედი კანონმდებლობითა და საპროცესო წესებით.

4.2.

სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე, მიუხედავად იმისა, ჩადენილია თუ არა ქმედება უშუალოდ სახელმწიფო ტერიტორიაზე, თუ:

ა) ქმედება დაკავშირებულია სერვერის მოქალაქესთან ან რეგისტრირებულ პერსონაჟთან;

ბ) ქმედება მიმართულია სახელმწიფოს, მისი მოქალაქეების ან სახელმწიფო სტრუქტურების ინტერესების წინააღმდეგ;

გ) საქმის განხილვა პირდაპირ გამომდინარეობს სერვერის მოქმედი კანონმდებლობიდან ან შესაბამისი სახელმწიფოებრივი შეთანხმებიდან.

მუხლი 5. საჩივრისა და სარჩელის ფორმა

5.1.

საჩივარი ან სარჩელი სასამართლოში უნდა წარდგეს წერილობითი ფორმით.

5.2.

საჩივარი ან სარჩელი უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლის/მოსარჩელის სახელსა და გვარს;

ბ) მოპასუხე მხარის სახელსა და გვარს ან შესაბამისი ორგანიზაციის დასახელებას;

გ) გასაჩივრებული ქმედების, გადაწყვეტილების ან უმოქმედობის ზუსტ აღწერას;

დ) კონკრეტულ მოთხოვნას;

ე) საქმის ფაქტობრივი გარემოებების მოკლე აღწერას;

ვ) წარმოდგენილი მტკიცებულებების ჩამონათვალს.

მუხლი 6. საქმის წარმოებაში მიღების პირობები

მოსამართლე უფლებამოსილია საქმე წარმოებაში მიიღოს, თუ:

6.1.

საქმე ექვემდებარება სასამართლოს განსჯადობას;

6.2.

განმცხადებელს ან მოსარჩელეს გააჩნია კანონიერი ინტერესი;

6.3.

დაცულია საჩივრის ან სარჩელის წარდგენის კანონით განსაზღვრული ვადა;

6.4.

საჩივარი ან სარჩელი შეიცავს საქმის განხილვისთვის საჭირო ძირითად ინფორმაციასა და მტკიცებულებებს.

მუხლი 7. გადაწყვეტილება საქმის წარმოებაში მიღების შესახებ

7.1.

მოსამართლე ვალდებულია საჩივრის ან სარჩელის მიღებიდან 5 დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება მისი წარმოებაში მიღების ან უარყოფის შესახებ.

7.2.

საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია მიუთითოს უარის მიზეზი.

7.3.

საქმის წარმოებაში მიღება არ ნიშნავს პირის ან მხარის სამართლებრივად დამნაშავედ ან მართებულად ცნობას — ეს საკითხი განისაზღვრება საქმის საბოლოო განხილვის შედეგად.

მუხლი 8. შუამდგომლობის წარდგენა

8.1.

საქმის მონაწილე მხარეს უფლება აქვს სასამართლო პროცესის ნებისმიერ ეტაპზე წარადგინოს შუამდგომლობა.

შუამდგომლობა შეიძლება ეხებოდეს:

დამატებითი მტკიცებულების მოთხოვნას;
მოწმის გამოძახებას;
საპროცესო ვადის გაგრძელებას;
საქმეების გაერთიანებას ან განცალკევებას;
სხვა საპროცესო მოქმედების განხორციელებას.

მუხლი 9. შუამდგომლობის მიღებისა და განხილვის წესი

9.1.

მოსამართლე უფლებამოსილია:

ა) დააკმაყოფილოს შუამდგომლობა სრულად;

ბ) დააკმაყოფილოს შუამდგომლობა ნაწილობრივ;

გ) უარი თქვას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

[color=ოქროსფერი]9.2.

მოსამართლე შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან უარყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს 5 დღის ვადაში.

მუხლი 10. შუამდგომლობის ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვეტა

10.1.

მოსამართლეს უფლება აქვს შუამდგომლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე, თუ საკითხის განხილვა არ საჭიროებს მხარეთა მონაწილეობას და აღნიშნული ხელს უწყობს პროცესის სწრაფ, სამართლიან და ეფექტურ წარმართვას.

მუხლი 11. მოსამართლის ზოგადი დისკრეციული უფლებამოსილება

მოსამართლეს უფლება აქვს:

11.1.

განსაზღვროს საქმის განხილვის წესი და საპროცესო ვადები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვადა კანონით პირდაპირ არის განსაზღვრული.

11.2.

მოითხოვოს საქმისთვის მნიშვნელოვანი დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა.

11.3.

საქმიდან გამორიცხოს შეუსაბამო, არასანდო ან დაუშვებელი მტკიცებულება.

კანონის ან სერვერის მოქმედი წესების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება შეიძლება ცნობილ იქნეს დაუშვებლად.

11.4.

საჭიროების შემთხვევაში გააერთიანოს ერთმანეთთან დაკავშირებული საქმეები ან გამოყოს ერთი საქმე რამდენიმე დამოუკიდებელ საქმედ.

11.5.

დანიშნოს მედიაცია ან წინასასამართლო სხდომა, თუ ამას საქმის გარემოებები მოითხოვს.

11.6.

საჭიროების შემთხვევაში განსაზღვროს ან გაახანგრძლივოს საპროცესო ვადა, თუ ეს აუცილებელია საქმის სამართლიანად და სრულყოფილად განხილვისთვის.

მუხლი 12. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის წესი

12.1.

პირს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს სახელმწიფო სტრუქტურის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, განხორციელებული ქმედება ან უმოქმედობა, თუ მიიჩნევს, რომ აღნიშნული არღვევს მის უფლებებს ან მოქმედ კანონმდებლობას.

12.2.

ადმინისტრაციული გადაწყვეტილების, ქმედების ან უმოქმედობის სასამართლოში გასაჩივრება შესაძლებელია 10 დღის ვადაში გადაწყვეტილების მიღებიდან, ქმედების განხორციელებიდან ან შესაბამისი უმოქმედობის დადგომიდან.

12.3.

საჩივრის განხილვისას მოსამართლე აფასებს:

ა) გადაწყვეტილების ან ქმედების კანონიერებას;

ბ) დადგენილი საპროცესო მოთხოვნების დაცვას;

გ) სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას;

დ) აღნიშნული გადაწყვეტილებით ან ქმედებით პირის უფლებების შესაძლო დარღვევას.

მუხლი 13. ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება

13.1.

სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მოსამართლეს უფლება აქვს, საქმის საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეაჩეროს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ მისი მოქმედების გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი ან გაართულოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულება.

13.2.

აქტის მოქმედების შეჩერების საკითხს მოსამართლე წყვეტს საქმის კონკრეტული გარემოებებისა და მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით.

მუხლი 14. მტკიცების ტვირთი

14.1.

თუ სახელმწიფო სტრუქტურის ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ან ქმედება არის გასაჩივრებული, მოპასუხე სახელმწიფო ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს მისი კანონიერება და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

14.2.

სასამართლო აფასებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს და გადაწყვეტილებას იღებს საქმის გარემოებებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

მუხლი 15. სისხლის სამართლის საქმის აღძვრა

15.1.

სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას ახორციელებს შერიფების დეპარტამენტი.

15.2.

შერიფების დეპარტამენტი საქმეს სასამართლოს გადასცემს იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ბრალდების წარდგენისთვის საკმარისი მტკიცებულებები.

15.3.

საქმის სასამართლოში გადაცემა არ ნიშნავს ბრალდებულის დამნაშავედ ცნობას. მისი ბრალეულობის საკითხს საბოლოოდ სასამართლო მტკიცებულებების საფუძველზე წყვეტს.

მუხლი 16. ბრალდებულის უფლებები

ბრალდებულს უფლება აქვს:

16.1.

იცოდეს მის მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი და საფუძველი;

16.2.

ჰყავდეს ადვოკატი ან სხვა წარმომადგენელი;

16.3.

წარადგინოს საკუთარი მტკიცებულებები და მოწმეები;

16.4.

ისარგებლოს დუმილის უფლებით და არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ.

მუხლი 17. მოსამართლის უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმეებში

მოსამართლეს უფლება აქვს:

17.1.

განიხილოს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული შუამდგომლობები;

17.2.

დაადგინოს სასჯელის ზომა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში;

17.3.

საქმის გარემოებებისა და ბრალდებულის მდგომარეობის გათვალისწინებით გამოიყენოს ალტერნატიული სასჯელი, თუ ასეთი შესაძლებლობა გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით.

შენიშვნა: ალტერნატიული სასჯელი შეიძლება მოიცავდეს პირობით სასჯელს, საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს ან სხვა კანონით დაშვებულ ღონისძიებას.

მუხლი 18. განაჩენის გამოტანა

18.1.

სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უნდა იყოს დასაბუთებული და ეფუძნებოდეს საქმის განხილვისას წარმოდგენილ დასაშვებ და სანდო მტკიცებულებებს.

18.2.

განაჩენში უნდა იყოს მითითებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი და შესაბამისი სასჯელი, თუ პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი.

მუხლი 19. მოსამართლის დისკრეცია პროცესის მართვაში

19.1.

მოსამართლე უფლებამოსილია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებელია სასამართლო პროცესის სამართლიანად, სწრაფად და ეფექტურად წარმართვისთვის, თუ აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობასა და სერვერის წესებს.

მუხლი 20. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება

20.1.

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას, თუ თავად გადაწყვეტილებით სხვა ვადა ან წესი არ არის განსაზღვრული.

20.2.

სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საბოლოო გადაწყვეტილებას და მისი გასაჩივრება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სერვერის ადმინისტრაცია კონკრეტულ საქმეზე სხვა წესს დაადგენს.

მუხლი 21. კანონის ინტერპრეტაცია

21.1.

თუ კონკრეტული შემთხვევა მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ არ არის მოწესრიგებული, მოსამართლეს უფლება აქვს კანონი განმარტოს ანალოგიის, არსებული სასამართლო პრაქტიკისა და პრეცედენტის საფუძველზე.

21.2.

კანონის განმარტებისას მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს სერვერის RP გარემო, მოქმედი კანონმდებლობის მიზანი და საქმის კონკრეტული გარემოებები.